პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო სხდომას დღეს დისტანციურად ჩაერთო. სხდომაზე მან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ გეგმებზე, ხაზი გაუსვა პარტიაში არსებულ დაპირისპირებას და თქვა, რომ თავად ჩაუდგება პროცესის კოორდინაციას სათავეში.
მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოში უნდა დაბრუნდნენ წასული პირები, თუმცა აქვე კონკრეტული სახელები და გვარები არ დაუსახელებია. მისი თქმით, პოლიტსაბჭოს თავად უხელმძღვანელებს და იქნება "გარანტი იმისა, რომ პარტიაში არავინ დაიჩაგრება".
მესამე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა 23 ნოემბრის მანიფესტის მნიშვნელობასაც. მან თქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი თარიღია და ამ დღეს მეტი დეტალი გახდება ცნობილი. მან პრემიერმინისტრობის მის შესაძლო კანდიდატურაზეც ისაუბრა, გავრცელებული ინფორმაცია არ უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ადრეა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, პარტია არა მეორე ადგილისთვის, არამედ პირველობისთვის უნდა იბრძოდეს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეცდომა თუკი იქნა დაშვებული, იქნას აღმოფხვრილი. მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ჯერ ერთი, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი ასეთი დამსახურებული ადამიანი, რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან, დაბრუნდეს საბჭოში. მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას, ხელმძღვანელობას, ვიღებ ჩემ თავზე იმას, რომ რეინტეგრაცია მოვახდინოთ პარტიის და ის იყოს გახსნილი სხვა კავშირებისთვის და ადამიანებისთვის ასევე.
ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და უკვე ძალიან სწრაფი ტემპით უნდა ვიაროთ წინ. ისმოდა ხშირად, რომ საქართველოს პრემიერმინისტრად დამასახელონ მე, ეს არის ძალიან ადრე ჩემო მეგობრებო, უნდა რამდენიმე თვე შევხედოთ კიდევ სიტუაციას. რა თქმა უნდა, ვიპოვოთ უნდა ოპტიმალური ვარიანტი, იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ გასამარჯვებლად და არა საპატიო მეორე ადგილისთვის.
რაც მთავარია, საარჩევნო სიები უნდა შედგეს არა ვიღაცის გარიგებით, არამედ ქვემოდან ზემოთ. პარტიის ყველა წევრმა უნდა მისცეს ხმა საარჩევნო სიაში მყოფ ადამიანებს და როდესაც იძახიან არაფორმალურ მმართველობაზე, მე არაფორმალურად ვერავინ ვერ მმართავს. თუ ჩემს არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი, მე იმ პირობებში აღმოვჩნდი, როგორშიც აღმოვჩნდი არა ჩემი ნებით და ამის გამო, პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი ჩემს პარტიაზე და იმ ბრძოლაზე, რომელიც წინ გვაქვს.
მე მზად ვარ, მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა ჩემს თავზე ავიღო ეს ყველაფერი. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პოლიტსაბჭოში ის ხალხი, ვინც მაშინ ნაჩქარევად გაყვანილი იყვნენ, რა თქმა უნდა, დღევანდელი პოლიტსაბჭო არის ლეგიტიმური, მაგრამ კიდევ უფრო ლეგიტიმური გახდება [...] და მე ვიქნები ამის კოორდინატორი, გარანტი, რომ იქ არავინ არ დაიჩაგრება, არავინ გვერდზე არ გაიწევა", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
პარტიული მანიფესტის ინიციატივით მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბერს გამოვიდა და თქვა, რომ ვინც მას ხელს არ მოაწერდა, ავტომატურად დააყენებდა თავს "პარტიის გარეთ". მან გამოქვეყნებულ პოსტში ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და თქვა, რომ "არ აქვს პრობლემები კონკრეტული ადამიანების მიმართ, თუმცა ვერ დაეთანხმება ცალკეულ მიდგომებს".
სააკაშვილის თქმით, ვერ იზიარებს ზოგიერთ მოსაზრებას ლევან ხაბეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილისა და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით. მან ნაციონალურ მოძრაობას, მათ შორის პარტიის მხარდამჭერებს შესთავაზა, რომ 23 ნოემბრამდე შემუშავებულიყო მანიფესტი, რომელშიც შესული იქნება ყველა ფუნდამენტური საკითხი, რომელსაც ერთობლივად მოაწერენ ხელს.